ოკუპირებული აფხაზეთი

კოდორში სამხედრო გზის რემონტი, ინტეგრაციული პროცესები – რაზე ისაუბრეს ბჟანიამ და პუტინმა

ასლან ბჟანიასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. 2023 წლის 5 ოქტომბერი.
კრემლი

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. შეხვედრა 4 ოქტომბერს შედგა. 

"შეხვედრამ მეგობრულად, სანდო გარემოში ჩაიარა". – თქვა ბჟანიამ. 

ბჟანიას თქმით, მან პუტინთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი მას "პრაქტიკულად ყველა საკითხში მხარდაჭერას დაჰპირდა". მარიონეტი ლიდერის თქმით, რუსეთი გააგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტრომომარაგების დახმარების გაწევას.

მარიონეტი ლიდერის თქმით, პუტინთან განიხილა გაზის ელექტროსადგურისა და მდინარე გუმისთაზე ახალი ხიდის მშენებლობის, ასევე კოდორის ხეობაში სოხუმის სამხედრო გზის გარემონტების საკითხები.

"ასევე განვიხილეთ რესპუბლიკის გაზიფიკაციისა და შემდეგში გაზის ელექტროსადგურის მშენებლობა. ამ იდეას მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტმაც. ვთხოვეთ დახმარების გაწევა მდინარე გუმისთაზე გადებული მოქმედი ხიდის კაპიტალური რემონტისთვისა და ახალი ხიდის აშენებისთვის. ასევე გავაჟღერეთ კოდორის ხეობაში სოხუმის სამხედრო გზის კაპიტალური რემონტის აუცილებლობის შესახებ და ეს საკითხი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაიგო". – თქვა ბჟანიამ.

რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე

როგორც ბჟანიამ აღნიშნა, სამხედრო სფეროს შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და განიხილეს აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში მონაწილეობის შესაძლებლობაც.

"ამ მხრივ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ იმედი გვქონდეს რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო სიახლოვე ბევრ საკითხში. ვისაუბრეთ ინტეგრაციულ პროცესებზე, რომელთა ინიციატორიც რუსეთის ფედერაციაა, აფხაზეთის ამ პროცესებში მონაწილეობაზე, აფხაზეთის სამოკავშირეო სახელმწიფოში შესაძლო მონაწილეობის პერსპექტივაზე. ეს ყველაფერი მიღებულ იქნა პოზიტიურად, ამაზე დღედაღამ უნდა ვიმუშაოთ". – თქვა მარიონეტმა ლიდერმა.

ბჟანიამ დაამატა, რომ პუტინთან საუბრის დროს შეეხნენ რუსულ ინვესტიციებსა და ცხოვრების დონის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც.

კომენტარები