რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელმა ხარკოვის დაბომბვას ომის დანაშაული უწოდა

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 5 ოქტომბრის ხარკოვის დაბომბვას ომის დანაშაული უწოდა. მაღალჩინოსანმა მოსაზრება ევროკავშირის დიპლომატიური სერვისის ოფიციალურ საიტზე დაწერა.

"რუსეთის მხრიდან უკრაინის მოქალაქეების მიმართ მიმდინარე საშინელი ტერორი არ სუსტდება და დღეს ახალ სიმაღლეს მიაღწია. კაფისა და სურსათის მაღაზიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, არიან დაჭრილები.

ეს იყო კიდევ ერთი საზიზღარი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეებზე. ერთ-ერთი იმ ყოველდღიური თავდასხმებიდან, რომელთაც ფრონტის ხაზთან ახლოს რუსეთი აწარმოებს. შეგახსენებთ დღეს ხერსონის ოლქში საავადმყოფო დაიბომბა. 

მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულია. რუსეთის ხელმძღვანელობა, ყველა მეთაური, შემსრულებელი და თანამონაწილე დაისჯება. ომის დანაშაულისთვის არავინ დარჩება დაუსჯელი.

ევროკავშირი აფასებს უკრაინელი ხალხი ძალას, გამბედაობასა და წინააღმდეგობას. ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას". – წერს ბორელი.


5 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად განადგურდა კაფე, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. კაფეში ადამიანები ქელეხს ესწრებოდნენ. სულ დაბომბვისას 52 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სულ სოფელ გროზაში 330 ადამიანი ცხოვრობს, სარაკეტო იერიშს ყოველი მეშვიდე მაცხოვრებელი შეეწირა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც იერიშს საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული უწოდა.

"საჩვენებელი სასტიკი რუსული დანაშაული – სარაკეტო დარტყმები ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, აბსოლუტურად შეგნებული ტერაქტია. ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი. ამჟამინდელი მონაცემებით, ცნობილია 49-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. დაშავებულები დახმარებას იღებენ, ტერორისტებს კი, ვუპასუხებთ, აბსოლუტურად სამართლიანად და მძლავრად. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს ამ დრომდე მხარს უჭერს, მხარს უჭერს ბოროტებას. მსგავსი ტერაქტები რუსეთს სჭირდება მხოლოდ ერთისთვის, აქციოს თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად მთელი მსოფლიოსთვის. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ყველა ერის, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში".

ხარკოვის ოლქში 6-8 ოქტომბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

კომენტარები