უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

ზელენსკი: ჟან-კლოდ იუნკერმა ცნობილი რუსული ნარატივის გახმოვანება გადაწყვიტა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში კორუფციის შესახებ საუბარი "ცნობილი რუსული ნარატივია", რომელსაც მოსკოვი იყენებს დასავლეთის ქვეყნების დასარწმუნებლად, შეწყვიტონ კიევის მხარდაჭერა. ამ სიტყვებით ზელენსკი ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ "კორუმპირებული უკრაინა არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის".

"რა თქმა უნდა, ომის დროს ბევრი სხვადასხვა საქმე და სხვადასხვა ადამიანი არსებობს. სასამართლო სისტემისთვის ძნელია ყველაფრის კონტროლი, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ამას ვებრძვით და გვესმის, რომ არცერთი დოლარი, არცერთი ევრო, რომლებიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, არცერთი სამთავრობო დაწესებულებიდან მოპარული არ არის". - თქვა ზელენსკიმ.

ამავდროულად, ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ევროკომისიის ყოფილ თავმჯდომარეს პრეზიდენტობის დასაწყისში შეხვდა.

"ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში რამდენჯერმე იყო, შარლ მიშელიც ძალიან ბევრჯერ, შესაძლოა, იმავე რაოდენობითაც. რობერტა მეცოლა, ევროკავშირის ყველა ლიდერი, არაერთხელ. ეს არის ევროკავშირის სახე. მასთან მაქვს შეკითხვა, რატომ ვერ გამონახა დრო, ერთხელ მაინც ჩამოსულიყო უკრაინაში? მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის, იმის სათქმელად, რომ ევროკავშირი თქვენთანაა? ახლა კი მან გადაწყვიტა, რომ რუსული ნარატივი გაახმოვანოს, რადგან ყველას დაავიწყდა, ვინ არის ის. ვფიქრობ ეს სისულელეა, მაგრამ ის მოხუცი კაცია. მშვიდობას ვუსურვებ". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები