ოკუპირებული აფხაზეთი

ჰერჩინსკი აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობაზე: უკიდურესად შემაშფოთებელია

European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ გავრცელებული ცნობები უკიდურესად შემაშფოთებელია. 

"ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია: ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, ცხადია, მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა". - ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ჰერჩინსკიმ. 

5 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ მედია Известия-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – ამბობს ბჟანია.

4 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანიასა და პუტინს შორის სოჭში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

კომენტარები