აშშ-ჩინეთი

თეთრი სახლი კალიფორნიაში ბაიდენისა და სის პირისპირ შეხვედრისთვის ემზადება – WP

ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრა ინდონეზიაში, ბალიზე, დიდი ოცეულის სამიტის მიმდინარეობისას, 2022 წლის 14 ნოემბერი
REUTERS/Kevin Lamarque/File Photo

The Washington Post-ი აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ნოემბერში კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრა გაიმართება, რისთვისაც თეთრმა სახლმა გეგმების შედგენა უკვე დაიწყო.

ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას ანონიმურობის დაცვით უთხრა, რომ შეხვედრის გამართვა "საკმაოდ მტკიცედ" არის გადაწყვეტილი და დაგეგმვის პროცესს უკვე იწყებენ.

მეორე მაღალჩინოსნის თქმით, ბაიდენი სისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის, თუმცა, "ჯერ არაფერია დადასტურებული".

როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, შეხვედრასთან დაკავშირებით ყველანაირი ბუნდოვანება მას შემდეგ გაიფანტება, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი უახლოეს კვირებში ვაშინგტონში ჩავა.

ბოლოს ბაიდენი და სი ერთმანეთს გასული წლის ნოემბერში ინდონეზიაში, ბალიზე გამართული დიდი ოცეულის სამიტის მიმდინარეობისას შეხვდნენ. მაშინ ორივე პრეზიდენტმა პირისპირი დიპლომატიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა იმედი, რომ შეძლებენ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დასტაბილურებას.

ბაიდენისა და სის შეხვედრა მოსალოდნელი იყო 9-10 სექტემბერს ნიუ-დელიში გამართულ G20-ის სამიტზეც, თუმცა ჩინეთის ლიდერი ინდოეთში არ ჩავიდა.

სან-ფრანცისკოში აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერების შეხვედრა, სადაც სი ძინფინგის ჩასვლასაც ელოდებიან, 12-18 ნოემბერს გაიმართება.


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს.

კომენტარები