ოკუპირებული აფხაზეთი

"არა, კომენტარს ვერ გავაკეთებ" – პესკოვი ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობაზე

კრემლი ყირიმიდან რუსული სამხედრო გემების ნოვოროსიისკის პორტში გადაყვანისა და ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს

"არა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბუნებრივია, ჩვენი სამხედრო დანაყოფების, გემების დისლოკაციის საკითხები თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა". - უთხრა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

დღეს, 5 ოქტომბერს ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რუსულ მედია Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – ამბობს ბჟანია.

4 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

კომენტარები