პუტინის რუსეთი

რუსმა მაღალჩინოსანმა ერთი კამაზი ხე მოიპარა, შემდეგ თავისივე ჩადენილ ქურდობას იძიებდა

რუსეთში კალუჟის რაიონის ერთ-ერთი ოლქის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროსმა, წოდებით მაიორმა ხე-ტყით დატვირთული სატვირთო მანქანა მოიპარა.

15 სექტემბერს მაიორმა 17 კუბური მეტრი ხე-ტყით დატვირთული კამაზის მარკის სატვირთო მანქანა საკუთარ მეგობარს გაატაცებინა. მაღალჩინოსანმა გატაცებული მანქანა დანიშნულების ადგილამდე პირადად გააცილა, იმისათვის, რომ მეგობარს საგზაო პოლიციასთან პრობლემები არ შექმნოდა.

მოგვიანებით კამაზის მფლობელმა პოლიციაში ქურდობის შესახებ განაცხადა. მაიორმა თავად მოითხოვა დაზარალებულის დაკითხვა. გამოძიების მონაცემებით მაიორმა დაკითხვის ოქმში არასწორი ინფორმაცია ჩაწერა, რადგან მომავალში საკუთარი თავისგან ეჭვი აერიდებინა.

დეტალური გათვლის მიუხედავად მაიორის მიერ ჩადენილი "იდეალური დანაშაული" ადგილობრივმა პოლიციამ ერთ კვირაში გაიხსნა. ეჭვმიტანილმა სამსახური დაკარგა, ხოლო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაიორს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები