იაგო ხვიჩია

ხვიჩია: ოპოზიცია მთლიანად არის ფეიკი იმიტომ, რომ მას არ უნდა ხელისუფლების გადაყენება

ფეიკი მარტო ხელისუფლებაში არ ხდება, ფეიკი არის ოპოზიციაშიც და სწორედ ამიტომ არის ამდენი ხნის განმავლობაში ქართული ოცნება ხელისუფლებაში. მაგალითისთვის, ფეიკია მიხეილ სააკაშვილის ყველა გამოსვლა, სანამ ის არ აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და მართლა სერიოზულად არ დავიწყებთ ამასთან დაკავშირებით საუბარს. ფეიკია ყველა ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც სხვადასხვა მიზნებით იქმნება, ვითომ ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ სინამდვილეში, როგორ შეიძლება ფეიკი არ იყოს, როცა თავის სივრცეში აზრს არ აჭაჭანებს და იმ ხალხს რაღაცნაირად ებრძვის, ახლოს არ იკარებს, ეთერებიდან ბლოკავს, რომელსაც ფაქტობრივად ექსკლუზიურად აქვს აზროვნების უნარი ამ ოპოზიციაში. 

და, რა საკვირველია, მე მთავარი ბრალდება ოპოზიციის მიმართ ის მაქვს, რომ ის მთლიანად არის ფეიკი იმიტომ, რომ მას არ უნდა ხელისუფლების გადაყენება. ხელისუფლების გადაყენება რომ უნდოდეს ოპოზიციას და რასაც ლაპარაკობს, ის რომ მართალი ეგონოს, მაგალითად, თუ ჩვენ მართლა გვგონია, რომ ქართული ოცნება არის რუსული პროექტი, რუსული პარტია, რუსეთისკენ მიგვაქანებს და ჩვენ თუ გვგონია, ახლა 30-იანი წლების დასაწყისია, ჩვენ ხომ სხვანაირად უნდა ვიქცეოდეთ, ჩვენ ხომ სხვანაირად უნდა ვუცხადებდეთ ბრძოლას ქვეყნის გარუსების მცდელობას, ჩვენ ხომ მართლა უნდა ვისხდეთ და ვსაუბრობდეთ ერთად როგორ შეიძლება წინააღმდეგობა საერთო რესურსებით გავუწიოთ ამხელა უბედურებას. საერთო რესურსებით იმიტომ რომ, როგორც ხელისუფლებას აქვს თავისი მედია ინფრასტრუქტურა აწყობილი და საარჩევნო  ინფრასტრუქტურა, ასე რომ ვთქვათ, ისე აქვს ოპოზიციას. 

მაგრამ რას აკეთებს ის? თავისი პოლიტიკით, რასაც ყოველდღიურად ჩვენ ეთერებში ვხედავთ სწორედ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და ეს გრძელდება 11 წელიწადია, აქ სწორად აღნიშნა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, 11 წელია ვერ უგებენო. და მე, ზოგადად, ორი ვარიანტი უნდა მქონდეს. ერთია ავირჩიო, რომ ჩემი კოლეგები გიჟები არიან ოპოზიციაში და ვერ ხვდებიან, უბრალოდ, რას აკეთებენ და მეორე ის, რომ ძალიან კარგადაც ხვდებიან, მაგრამ ეს აწყობთ, რაც ხდება ამდენი ხნის განმავლობაში.   

თქვა პარტია გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები