ე.წ. გადატრიალების საქმე

მილერი: აშშ-ს საქართველოში ჩართულობა ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვისაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოთხოვნილ ახსნა-განმარტებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ს საქართველოში ჩართულობა მხოლოდ ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვისაა. 

"ერთადერთი ჩართულობა, რაც ჩვენ საქართველოში გვაქვს არის ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვიკავებთ არანაირ პოზიციას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არ ვიკავებთ პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი" – თქვა მილერმა. 

2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორგანიზაცია CANVAS-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის დეტალები გაასაჯაროვა. სუს-ის განცხადებით, სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო იბისიში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. სუს-ის მტკიცებით, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინსა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.

USAID-ის მხარდაჭერით CANVAS საქართველოს ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-სგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, თუ რატომ აფინანსებდა ამერიკული ორგანიზაცია საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების მოწყობისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს.

გარდა ამისა, აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ საელჩო მზად არის მთავრობასთან განიხილოს ნებისმიერი საკითხი, რაც შესაძლოა შეშფოთებას იწვევდეს.

"მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები