რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში პირველი მიწისქვეშა სკოლა გაიხსნება

EPA-EFE/REX/SHUTTERSTOCK

უკრაინის პირველი მიწისქვეშა სკოლა ხარკოვში აშენდება. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ასეთი სკოლა ომის დროს უსაფრთხოდ სწავლის გაგრძელების შანსს ათასობით ბავშვს მისცემს. 

"ხარკოვი განაგრძობს ინვესტირებას განათლებაში. ჩვენ არ შევამცირებთ განათლების ხარჯებს როგორც წელს, ისე მომავალ წელს, მიუხედავად საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიმდინარე დეფიციტთან დაბალანსების საკმაოდ რთული ამოცანისა". - წერს ხარკოვის მერი თავის პირად Facebook-ის გვერდზე.

უკრაინაში 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 360-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება განადგურდა და 3000-ზე მეტი დაზიანდა

Unicef-ის ცნობით, უკრაინელი სკოლის მოსწავლეების მხოლოდ მესამედი აგრძელებს სწავლას ომის ფონზე. ბევრი მათგანი კი იძულებულია გაკვეთილებს მეტროსადგურებსა და სხვა თავშესაფარში დაესწროს.

გასულ კვირას, ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტომ განაცხადა, რომ ევროკავშირის ბევრი სკოლა ცდილობს უკრაინის ომიდან გაქცეული ბავშვების ინტეგრაციას. მათი თქმით, ამჟამად ევროკავშირში დაახლოებით 1,3 მილიონი უკრაინელი ბავშვია.

კომენტარები