აზია

ფილიპინების პრეზიდენტი: ვიცავთ ტერიტორიას, არ გვინდა პრობლემები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებსა და ჩინეთს შორის დაძაბულ სიტუაციას გამოეხმაურა. 

მარკოს უმცროსის თქმით, ფილიპინების საზღვაო ძალები იცავენ საკუთარ ტერიტორიას და არ სურს არანაირი დაძაბულობის შექმნა. 

"ჩვენ დავიცავთ ფილიპინებს, მის საზღვაო ტერიტორიასა და მეთევზეების უფლებას, ითევზაონ იქ, სადაც ამას საუკუნეების განმავლობაში აკეთებენ". – ამბობს მარკოს უმცროსი.

ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სკარბოროს შელფთან ჩინეთის აღმართული 300 მეტრის სიგრძის მცურავი ბარიერი გაარღვია. ჩინეთმა ფილიპინების ქმედება გააკრიტიკა და მოუწოდა, შეეშვას პროვოკაციებსა და პრობლემების შექმნას. 

"ჩინეთი მყარად იცავს ჰუანგიანის კუნძულის (სკარბოროს შელფი) სუვერენიტეტსა და საზღვაო უფლებებს. ჩვენ ვურჩევთ ფილიპინებს, არ შექმნას პროვოკაციები და პრობლემები". – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა.

ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერის, კომოდორ კაი ტარიელას მიხედვით, ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერები ფილიპინურ სათევზაო ნავებს შელფთან მისვლის საშუალებას არ აძლევს და ხელს უშლის თევზაობაში.

"მათ შესაძლოა კვლავ დააბრუნონ მცურავი ბარიერები და გააგრძელონ სახიფათო ქმედებები". – ამბობს ტარიელა CNN-თან. 

სკარბოროს შელფი სამხრეთ ჩინეთის ზღვის ერთ-ერთი მთავარი სათევზაო ტერიტორიაა, რომელიც ფილიპინებისგან 370 კილომეტრში მდებარეობს და საერთაშორისო საზღვაო კანონის მიხედვით, ფილიპინების ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის.

თუმცა, წლების მანძილზე აღნიშნული შელფი ტერიტორიული დავის საგნად არის ქცეული. ჩინეთი, ცნობილი "9-პუნქტიანი ხაზის" ფარგლებში სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდ ნაწილს, მათ შორის სკარბოროს შელფსაც, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

 

კომენტარები