საქართველოს კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო: გახარიას ჩარევით "იარე ლიზას" გადასაღებად მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ნანა ჯანელიძის ფილმ იარე ლიზასთან დაკავშირებით ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

"ფილმის "იარე ლიზა" გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი კინოცენტრის ხელმძღვანელის გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმდროინდელი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის გაგა ჩხეიძის ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი". – წერია სამინისტროს პოსტში.

ყოფილი პრემიერმინისტრის გარდა პოსტში ასევე ნახსენებია ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც იარე ლიზა საკუთარ ფეისბუქ პოსტში გააკრიტიკა.

"სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა. უპირველესად, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი". – წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ფილმის რეჟისორი ნანა ჯანელიძე თეა წულუკიანს კინოცენტრში მიმდინარე რეფორმის გამო აკრიტიკებს.

 

კომენტარები