საქართველოს კულტურის სამინისტრო

წულუკიანი: ლიტერატურის მუზეუმს ბოდიში აქვს მოსახდელი კალანდაძის, დარიანის წინაშე

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ლიტერატურის მუზეუმს ბოდიში არა სამინისტროს, არამედ ელენე დარიანის, ანა კალანდაძისა და სხვა ავტორების წინაშე აქვს მოსახდელი. წულუკიანი ასევე ამბობს, რომ ვერ დაიჯერა, "შეცდომების კასკადი" ერთ წიგნში ყოფილიყო და მანამ, სანამ სამინისტრო ლიტერატურის მუზეუმზე თანხას კვლავ გასცემს "ორჯერ დაფიქრდებიან". 

"ჩვენ, სამინისტრო აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ ეს თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, სადაც არის არა მხოლოდ 2 ლექსი ანა კალანდაძისა მიკუთვნებული დარიანისადმი, არამედ 3 ლექსი, თუ უფრო მეტი ანა კალანდაძისა, რომელიც განზრახ თუ უნებლიედ მოპარეს ანა კალანდაძეს და მიაკუთვნეს ელენე დარიანს, ასევე, გრიგოლ რობაქიძის ლექსი, ანა ახმატოვას, ლესია უკრაინკას ლექსები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზია. 

მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმ ტიპის ხარვეზი ან შეცდომა, რომელსაც შეიძლება, რომ უბრალოდ ე.წ. სტიკერი დავაკრათ, რაზეც მე თავიდან ვფიქრობდი კიდეც, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო მისაღები, მაგრამ არც ამას დავმალავ, რომ ვერ დავიჯერე, რომ ამგვარი შეცდომების კასკადი ერთ წიგნში შეიძლება ყოფილიყო, მით უმეტეს, ისეთი რესპექტაბელური ორგანიზაციის ხელში შექმნილ წიგნში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. მაგრამ რეალობა ჯიუტია, ფაქტი ჯიუტია, ვერსად გავექეცით. ამიტომ ჩაითვალა, რომ კულტურის სამინისტროს და სახელმწიფოს სახელი ვერ ექნებოდა ამ წიგნს, შესაბამისად, ეს ტირაჟი დააბრუნა დონორთან შესაბამისმა ორგანიზაციამ და მოითხოვა თანხის დამატება, რაც არ უნდა უცნაური იყოს. მერე რა მოხდა მიდგომა იქონია ბატონმა ბაქრაძემ და თქვა, რომ იპარება ასეთი შეცდომები, რა ვქნათ, მოდი, დაგვიმატეთ თანხა და ჩვენ გამოვცემთ ახალ წიგნსო". - ამბობს წულუკიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

წულუკიანი ამბობს, რომ ახალი წიგნის გამოსაცემი თანხა არ გასცეს - მინისტრი მიზეზად ასახელებს, რომ კულტურის ხელშეწყობის პროგრამა ჯერ დამტკიცებული არ არის, ასევე, ლიტერატურის მუზეუმის მხრიდან სისტემაში "რაღაც არის გამოსასწორებელი". 

"ნდობაც კარგი რამ არის. ამ მუზეუმზე სანამ სამინისტრო რაიმე თანხას გავცემთ, ორჯერ დავფიქრდებით. ჩვენი შეცდომა ის არის, რომ არ ჩაგვიხედავს, როგორ ადგენდა გამომცემელი ამ წიგნს, თუმცა აქ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ თანხას როდესაც გავცემთ, არ ჩავიხედოთ, რას აკეთებს შემოქმედი ადამიანი, რომელიც ამ დარგის სპეციალისტად ითვლება და ეს ზედამხედველობა იმაზე შორს არ წავიდეს, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.  

რას თქმა უნდა, როგორც დარიანის, მით უმეტეს, კალანდაძის, რობაქიძის და სხვა ავტორების წინაშე ლიტერატურის მუზეუმს აქვს ბოდიში მოსახდელი და არა სამინისტროს წინაშე, მაგრამ თავად სიპის უფროსთან საუბარი ვერ მოხერხდა, ვინაიდან მან გვითხრა, რომ არის ავად, მოიმიზეზა კოვიდი". - ამბობს წულუკიანი.    

წულუკიანი კვლავ იმეორებს, რომ საკითხზე "სერიოზულ განხილვას" გეგმავენ. 

"ეს ყვირილი არის ნაადრევი, უნდა დაზოგოს ყველამ საკუთარი ენერგია, იმიტომ, რომ განხილვა ჯერ არ დაწყებულა. გახილვას შეიძლება მოჰყვეს პასუხისმგებლობა, შეიძლება არ მოჰყვეს". - ამბობს წულუკიანი. 


17 იანვარს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ "სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები" გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის შეცდომაზე რეაგირებას მოითხოვენ.

საუბარია მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის (დარიანი) კრებულზე, რომელშიც ავტორისთვის პოეტ ანა კალანდაძის ორი ლექსია მიწერილი.

ტირაჟში დაშვებული შეცდომის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს თავად გაავრცელა. მუზეუმის ხელმძღვანელმა Facebook პოსტში ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არაკეთილმოსურნეებმა "გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყე". 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის უწყება განცხადებაში წერს, რომ მათ "სერიოზული განხილვები" ექნებათ მუზეუმის დირექტორთან მას შემდეგ, რაც ის ახალ კორონავირუსს დაამარცხებს. 

ელენე ბაქრაძის (დარიანი) კრებულის ხელახლა დასაბეჭდად მოქალაქეებმა 15 საათში 19 449 ლარი შეაგროვეს

კომენტარები