P!nk

P!NK-მა კონცერტიდან მსმენელი გააძევა, რომელიც წინდაცვეთას აპროტესტებდა

P!nk-მა კონცერტიდან ერთ-ერთი მსმენელი გააძევა, რომელიც შოუს მსვლელობისას წინდაცვეთას აპროტესტებდა.

შემთხვევა სან-ანტონიოში ჩატარებულ კონცერტზე 25 სექტემბერს მოხდა. პოპ ვარსკვლავი უცნობ კაცს გამოელაპარაკა, მსმენელი აპროტესტებდა წინდაცვეთას, ამბობდა, რომ პროცედურა "სასტიკი და მავნეა".

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს როგორ ეუბნება მომღერალი კაცს:

"ანუ ახლა ამაზე უნდა ილაპარაკო? კარგად გრძნობ თავს? ამხელა ფული იმისთვის დახარჯე, რომ აქ წინდაცვეთაზე გელაპარაკა? ამ ფულით ბირკინის ბრენდის ჩანთას ვიყიდი. გაათრიეთ ეს ნეხვი აქედან". 

რამდენიმე წამის შემდეგ უცნობი კაცი დაცვამ დარბაზიდან გააცილა. "სამწუხაროა, რომ ამ საღამოს საკუთარი დრო ფუჭად დახარჯა". – თქვა მომღერალმა.

წინდაცვეთის თემაზე მომღერალს პირველად არ აკრიტიკებენ. 2019 წელს P!nk-მა 2 წლის შვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ბავშვის წინდაცვეთილი პენისი ჩანდა. ონლაინ სივრცეში ბევრმა ადამიანმა მომღერალი წინდაცვეთის გამო გააკრიტიკა. 

"ბევრ თქვენგანს რეალურად დიდი პრობლემები აქვს. ჩემი შვილის პენისს განიხილავთ? წინდაცვეთაზე ლაპარაკობთ? რეალურად ლაპარაკობთ ამაზე? ფოტო იმიტომ წავშალე რომ საზიზღრები და კლავიატურის მეომრები ხართ". – განაცხადა მომღერალმა 2019 წელს.

წინდაცვეთის საწინააღმდეგო მოძრაობები აშშ-ში 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ წინდაცვეთა გენეტალიების დასახიჩრების ტოლფასია, მეორე ნაწილი ამბობს რომ პროცედურა ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა.

ალიშა ბეთ მურ ჰარტი, იგივე P!nk წარმოშობით ირლანდიელი, გერმანელი, ლიტველი და ებრაელია. თავად მომღერალი ამბობს, რომ ებრაელია, ვინაიდან დედა ებრაელი ჰყავს. ებრაული რელიგიური ტრადიციის მიხედვით მამრობითი სქესის ახალშობილის წინდაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს ხდება.

კომენტარები