რუსეთის შავი ზღვის ფლოტი

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სავარაუდოდ მოკლული მეთაური სხდომაზე გამოჩნდა

რუსულ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს შავი ზღვის ფლოტის მეთაური ვიქტორ სოკოლოვი, რომელზეც უკრაინული სპეცსამსახურები ავრცელებდნენ ცნობას, რომ სავარაუდოდ მოკლული იყო.

ვიდეო გადაღებულია რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს სამხედრო თათბირზეა, რომელზეც ადმირალი სოკოლოვი რამდენიმე წამით ჩანს. თათბირი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

იმავე დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კითხვას სოკოლოვის დაღუპვის შესახებ ასე უპასუხა: "თავდაცვის სამინისტროსგან მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია".

უკრაინული მედიაში ირწმუნებიან, რომ ონლაინ სხდომის კადრებში ადმირალის გამოსახულება არ მოძრაობს და რუსეთმა გაყალბებული ვიდეო წამორადგინა.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური ოპერაციების სამსახურის (ССО) ინფორმაციით 22 სექტემბერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი მოკვდა.

ССО-ს განცხადებით დაბომბვის შედეგად 34 ოფიცერი დაიღუპა და დაიჭრა 100-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე. 

როგორც სპეცდანიშნულების რაზმი წერს, მათ მიერ კოორდინირებული დარტყმა დროული და ზუსტი იყო, რადგან ამ მომენტში შტაბში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურობის სხდომა იმართებოდა.

22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმზე, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსული მედია წერდა, რომ შემთხვევის ადგილის მიმართულებით სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა მიდიოდა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში ირწმუნებიან, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 5 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა შენობა მათმა ნამსხვრევებმა დააზიანა.

ვიქტორ სოკოლოვი შავი ზღვის ფლოტის მეთაურად 2022 წლის 10 აგვისტოს დაინიშნა. მისი წინამორბედი იგორ ოსიპოვი კრეისერ მოსკვას ჩაძირვის შემდეგ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

რუსულ მხარეს დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.

კომენტარები