ეროვნული ბანკი

კობახიძე: პრეზიდენტთან დაიბარეს საბჭოს კანდიდატები, სთხოვეს, განცხადების დაწერა უარზე

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მისი ინფორმაციით, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭოს ორი კანდიდატი პრეზიდენტთან დაიბარეს და მათზე ზეწოლა სცადეს. 

"ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ პრეზიდენტთან ამ კანდიდატებს და სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ამაზე მეტი ზეწოლა რა შეიძლება იყოს. ერთერთის მონაყოლი ამბავია, მე პირდაპირ არა მაქვს მიღებული ეს ინფორმაცია, მაგრამ ერთერთ კანდიდატს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამ მონაყოლთან დაკავშირებით მე მომაწოდეს ინფორმაცია", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის საბოტაჟი რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის ინტერესს წარმოადგენდა. მისივე თქმით, "მათი გათვლა არის, რომ ნოემბრის ბოლოსთვის რჩებოდა საბჭოში მხოლოდ სამი წევრი და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელებდა ეფექტიან საქმიანობას."

21 სექტემბერს, ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს - 82-მა.

იქამდე, ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანების გაუქმებამდე ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ორი კანდიდატი პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, "არ არის კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა" და "ასეთი მექანიზმი არ არსებობს".

კომენტარები