ვენესუელა

ვენესუალამ კრიმინალების კონტროლის ქვეშ მყოფი ციხის დასაბრუნებლად 11 000 სამხედრო გამოიყენა

ვენესუელას ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ციხეზე კონტროლის დასაბრუნებლად 11 000 სამხედრო გაგზავნა.

ციხეს, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ტრენ დე არაგუას კრიმინალური დაჯგუფების წევრები წლების განმავლობაში აკონტროლებდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჯგუფების წევრები ციხის შიდა და მიმდებარე ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მათ ასევე, ციხის ტერიტორიაზევე ჰქონდათ აუზი, ღამის კლუბი, მინი ზოოპარკი და სხვა ობიექტები.

ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, 6 000 პატიმარი ქვეყნის სხვადასხვა ციხეებში გადანაწილდებიან.

როგორც BBC აღნიშნავს, ციხის ტერიტორიაზე პატიმრებთან ერთად თავისუფალი მოქალაქეებიც ცხოვრობდნენ. ხელისუფლების მიერ პატიმრების სხვა ციხეებში გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილებას, ზოგიერთი პატიმრის ნათესავი ცრემლებით შეხვდა, რადგან მათ არ იციან სად შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას.

"ველოდები, რომ მოვისმინო სად გადაიყვანენ ჩემს ქმარს. მე აქ ვცხოვრობდი, მათ კი გამოგვყარეს". - უთხრა ერთ-ერთი პატიმრის ცოლმა, გლედის ერნანდესმა AFP-ს.

AFP წერს, რომ ჟურნალისტებმა დაინახეს როგორ გამოჰქონდათ დაცვის თანამშრომლებს ციხიდან მოტოციკლები, ტელევიზორები და მიკროტალღური ღუმელები.

ამავდროულად, განცხადება გაავრცელა ვენესუელას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ოფიცრებს ციხეზე კოტროლის დაბრუნება და "კრიმინალური ცენტრის დემონტაჟი" მიულოცა.

ტრენ დე არაგუას დაჯგუფების ლიდერი, ჰექტორ გერერო ფლორესი ზემოხსენებულ ციხეში 17-წლიან სასჯელს იხდიდა მკვლელობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. ადგილობრივი უფელბადამცველი ორგანიზაციის, A Window to Freedom-ის ცნობით, საკუთარი გავლენების გამოყენებით ფლორესი პატიმრობის საწყის წლებში ციხეში მიდიოდა და მოდიოდა, შემდეგ კი კომფორტი ციხის ტერიტორიაზევე შეიქმნა.

კომენტარები