კულტურის სამინისტრო

კონსერვატორიის რექტორი: ხარვეზი სისტემაშია, 30-იანების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება

თბილისის კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე კულტურის მინისტრს პასუხობს და წერს, რომ "ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება".  20 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას თეა წულუკიანმა თქვა, რომ თბილისის კონსერვატორიაში რეფორმაა გასატარებელი. მისი თქმით, კონსერვატორია "უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს". წულუკიანის შეფასებითვე, ეს არის არა აკადემიური პერსონალის, არამედ ხელმძღვანელობის "ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი". კულტურის მინისტრი ამბობს, რომ "როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო". წულუკიანი ირწმუნება, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს. 

"კონსერაკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულება და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება. განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს, სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს…

ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის მანძილზე ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით. ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია.

… სულ მაინტერესებდა რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?" - წერს თბილისის კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე.

კომენტარები