მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

რუსეთის თავდაცვა: ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ

რუს მშვიდობისმყოფელთა რაზმი მთიან ყარაბაღში, 2020 წელი
Foreign Policy

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღში მათი სამშვიდობო კონტინგენტის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც ავტომობილში მსხდომი სამხედროები დაიღუპნენ.

"20 სექტემბერს რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის სადამკვირვებლო პოსტიდან დაბრუნების დროს, დასახლებული პუნქტი ჯანიათაგის რაიონში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ავტომანქანაში მსხდომი რუსი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ".  – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილზე აზერბაიჯანისა და რუსეთის საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ, რათა მომხდარი გამოივკლიონ.

რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, სომხური ფორმირებები დაყრიდნენ იარაღს, დატოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, მძიმე ტექნიკას გადასცემდნენ აზერბაიჯანს, ასევე გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც რეინტეგრაციის საკითხსა და ყარაბაღელი სომხების უფლებებს განიხილავენ.

სეპარატისტების ომბუდსმენი ამბობდა, რომ აზერბაიჯანის იერიშებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის წინაშე იდგა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა. 12 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვა.

კომენტარები