თეა წულუკიანი

წულუკიანი: მთავარია, დღეს ჩვენ უზრუნველვყოთ ხელოვნების თავისუფლება

როცა ვამბობ ნოდარ დუმბაძე, არ შემიძლია არ აღვშფოთდე იმ საშინელებებით, რაც ამ ჩვენს საყვარელ, მზიან ადამიანს რამდენიმე კვირის წინ თავს დაატეხეს იმ ქალებმა და კაცებმა, რომლებმაც წეღან მცდელობა განახორციელეს, რომ ეს ტრიბუნა შტურმით აეღოთ. მას აკადრეს უკადრებელი, იმიტომ, რომ ვერაფერი დააკლეს მის შემოქმედებას და გაბრაზდნენ რომ მისი შვილი, თქვენი ყოფილი კოლეგა, ჩვენთვის პატივსაცემი და საყვარელი ქალბატონი ქეთევან დუმბაძე დაინიშნა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად.

ეს არის მიუღებელი და მე ყველას მინდა დავპირდე, რომ ჩვენს სისტემაში რეფორმები გაგრძელდება, როგორც მწერლობის, ასევე კინოს, ასევე თეატრის მიმართულებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ხელოვანები, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ, ის ხელოვანები, რომლებიც ილანძღებიან, ის ხელოვანები, რომლებიც ცდილობენ გახდნენ პოლიტიკური თამაშის ნაწილნი, ან არ ცდილობენ და არც კი იციან, მაგრამ სხვების მიერ არიან გამოყენებულნი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ისინი მაინც გადმოვლენ პარტნიორობის რეჟიმში, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ყველას ხელშეწყობის სურვილი. ეს მათი არჩევანია. როცა არჩევანს გააკეთებენ, მაშინ კეთილი უნდა ინებონ და ამ არჩევანს უერთგულონ.

[...] ან გვინდა ეს ან ის, ყველაფერი ერთ ადამიანს ვერ ექნება. მთავარია, დღეს ჩვენ უზრუნველვყოთ ხელოვნების თავისუფლება და წარმოუდგენელია ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმეს შეეძლოს ხელოვანის თავისუფლება შეზღუდოს დღევანდელ პირობებში და მითუმეტეს ახალი ტექნოლოგიების ერაში და მითუმეტეს საქართველოში. ჩვენ ნოდარ დუმბაძეს, რა თქმა უნდა, ყველანი ბოდიშის ვუხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რაც ე.წ ლიბერალებმა და თავისუფლების მომხრეებმა, მის შვილზე და ჩემზე გაბრაზებულებმა მას და მის შემოქმედებას მიაყენეს.

თქვა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში გამართული მინისტრის საათის დროს.

კომენტარები