მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ოპერაცია ყარაბაღში დასრულდება, თუ მოწინააღმდეგე იარაღს დაყრის - ალიევი

მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დიალოგის დროს აზერბაიჯანის ლიდერმა თქვა, თუ რა შემთხვევაში შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს.

სატელეფონო საუბარში ალიევმა ბლინკენს უთხრა, რომ მოქმედებები სომეხი სეპარატისტების პროვოკაციული ქმედებების პასუხად დაიწყო.

როგორც ალიევი საუბრის დროს ირწმუნებოდა, ბაქომ სეპარატისტებს მოქმედებების დაწყების შემდეგაც შესთავაზა დიალოგი.

ალიევის თქმით, მოქმედებებს იმ შემთხვევაში დაასრულებენ, თუ სომეხი სეპარატისტები იარაღს დაყრიან.

"ქვეყნის მეთაურმა თქვა, რომ ანტიტერორისტული ღონისძიება დასრულდება, თუ იარაღს დაყრიან და განიარაღდებიან". - ნათქვამია ალიევის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

ენტონი ბლინკენმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა, რომ საუბრის დროს მან ალიევს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ესაუბრა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც და მიმდინარე მოვლენებზე ღრმა შეშფოთება გამოთქვა. ბლინკენი აზერბაიჯანის ოპერაციას "მიუღებელ სამხედრო მოქმედებებს" უწოდებს.

აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები, რომელსაც "ანტიტერორისტულ ღონისძიებას" უწოდებენ, 19 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარები