ოთარ ფარცხალაძე

თალაკვაძე ფარცხალაძეზე: სიმართლე რომ გითხრათ, მე არ ვიცი, მას რა მოქალაქეობა აქვს

ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მან არ იცის, ვისი მოქალაქეა ყოფილი გენპროკური, ოთარ ფარცხალაძე. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს,  რომ მან ამის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.

"სიმართლე რომ გითხრათ, მე არ ვიცი, მას რა მოქალაქეობა აქვს. ამის შესახებ მედიით შევიტყვეთ [...] საქართველოს პარლამენტს ოთარ ფარცხალაძესთან და მის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი არ შეუსწავლია. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციით ვმსჯელობთ, რაც მედიით არის ცნობილი. ორმაგი მოქალაქეობისა და მისი შეწყვეტის საკითხსაც საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს [...] დადგენილია, რა კანონი დაირღვა? ვინ დაადგინა, რომ მან კანონი დაარღვია? მაჩვენეთ". - უპასუხა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. რაც შეეხება ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობას, სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით".

კომენტარები