დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

BBC: რუსმა მფრინავმა გასულ წელს ბრიტანულ სადაზვერვო თვითმფრინავს რაკეტა განზრახ ესროლა

რუსული ავიაგამანადგურებლის Су-27-ის პილოტმა გასული წლის სექტემბერში შავი ზღვის თავზე ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდება განზრახ სცადა, რადგან ეგონა, რომ სროლის ნებართვა ჰქონდა. ინფორმაციას BBC დასავლური ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ რუმა პილოტმა ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავის მიმართულების ორი რაკეტა გაისროლა, მათგან პირველი კი სამიზნეს უბრალოდ აცდა და ტექნიკური გაუმართაობის შედეგი არ ყოფილა, როგორც ამას მაშინ რუსული მხარე აცხადებდა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ახსნა-განმარტებას ტექნიკური გაუმართაობის შესახებ საჯაროდ დაეთანხმა.

BBC-ის წყაროები კი აცხადებენ, რომ გასული წლის 29 სექტემბერს ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავი RAF RC-135 Rivet Joint, რომლის ბორტზეც 30 ადამიანი იმყოფებოდა, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში შავი ზღვის მონიტორინგის მისიას ასრულებდა, როდესაც მას ორი რუსული ავიაგამანადგურებელი Су-27 აედევნა.

მოპოვებული საბორტო კომუნიკაციის ჩანაწერით ირკვევა, რომ ერთ-ერთი Су-27-ის პილოტმა, რუსული სახმელეთო სადგურის ორაზროვანი ბრძანების შემდეგ – "თქვენ გაქვთ სამიზნე", ჩათვალა, რომ ბრიტანულ თვითმფრინავზე თავდასხმის უფლება მიიღო და რაკეტა გაისროლა, რომელიც სამიზნეს აცდა.

მეორე Су-27-ის პილოტმა კი ორაზროვანი ბრძანება ნებართვად არ აღიქვა და თავისი კოლეგა გალანძღა, თუმცა, ამის მიუხედავად, პირველი Су-27-ის პილოტმა კიდევ ერთი რაკეტა გაისროლა, რომელმაც არ იმუშავა.

ახალი ცნობების შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი საკუთარი ოპერაციების უსაფრთხოების დაცვა და არასაჭირო ესკალაციის თავიდან აცილებაა.

"ჩვენი მიზანი ყოველთვის საკუთარი ოპერაციების უსაფრთხოების დაცვა, არასაჭირო ესკალაციის თავიდან აცილება და საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაა". - თქვა თავდაცვის უწყების სპიკერმა.

კომენტარები