დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ვოლოდინი: პუტინმა დაგვიბრუნა ჩვენი თევზი, რომელსაც უნამუსო ინგლისელები 68 წელი ჭამდნენ

ვიაჩესლავ ვოლოდინი
რუსეთის დუმის პრესსამსახური  

დაწესებული სანქციების პასუხად, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის მიერ დიდ ბრიტანეთთან 1956 წელს დადებული თევზჭერის შეთანხმების გაუქმებას.

ხელშეკრულება ბრიტანელი მეთევზეების გემებს ბარენცის ზღვაში, კოლის ნახევარკუნძულის სანაპიროს მახლობლად თევზჭერისა და თავისუფალი ცურვის უფლებას აძლევდა.

"საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. კოლეგებო, დღეს საუბარი დავიწყეთ იმით, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ლიდერი, როგორ უნდა იცავდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. და შეხედეთ: ერთ-ერთი პირველი საკითხი, რასაც განვიხილავთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შეთანხმება დაიდო 68 წლის წინ, 1956 წელს. უბრალოდ ადგნენ და ინგლისს ცალმხრივად მისცეს ნება დაეჭირათ თევზი ჩვენი სანაპიროების მახლობლად. და რა მიიღო ჩვენმა მხარემ? რატომ აქამდე არ მიიღეს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება?" – თქვა დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

ვოლოდინმა ამის შემდეგ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ქება დაიწყო და თქვა, რომ როგორც ყირიმი "დაუბრუნა" რუსეთს, ასევე "უბრუნებს" თევზსაც, რომელსაც "ინგლისელები 68 წელი ჭამდნენ".

"პუტინმა რუსეთს დაუბრუნა ყირიმი და ის ისტორიაში სამუდამოდ შევა, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც დაიბრუნა ჩვენი ტერიტორია, დაიცვა ნოვოროსია. და კვლავ მან, ეს ექსკლუზიურად მისი გადაწყვეტილება იყო: დაგვიბრუნა ჩვენი თევზი! რადგან 68 წლის განმავლობაში მას უნამუსო ინგლისელები ჭამდნენ. დაგვიწესეს სანქციები და თავად სურთ რაციონის 40%, თევზის მენიუ ჩვენი ვირთევზათი შეავსონ. დაე, ახლა გახდნენ, დაჭკვიანდნენ! - რადგან მათი რაციონის 40%-ს სწორედ ვირთევზა და სხვა თევზები, მათ შორის პიქშა შეადგენს. თანაც, მათი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. ახლა მათი ეს საყვარელი კერძი ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივით დავიბრუნეთ." – თქვა ვოლოდინმა.

შემდეგ ეტაპზე შეთანხმების გაუქმებას მხარს დაუჭერს რუსეთის ფედერაციული საბჭო, ბოლოს კი ვლადიმირ პუტინი თავად მოაწერს ხელს.

კომენტარები