რუსეთი-აზერბაიჯანი

"რუსეთის ახალ რეგიონებში" არჩევნების დაგმობისთვის ბაქოს მოსკოვმა დემარში გამოუცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, "რუსეთის ახალ რეგიონებში" ჩატარებული "არჩევნების" შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გამო, ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადეს.

"ჩვენ ვერ მივიღებთ ასეთ შეფასებებს, ეს შეფასებები მიუღებელია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სამეკავშირეო დონეს არ შეესაბამება. ამიტომ, აზერბაიჯანული მხარის წინაშე დემარში გამოცხადდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ვთქვით.

ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს იმავე პატივისცემით უნდა მოეპყროს, როგორსაც ჩვენი პარტნიორები ჩვენგან მოელიან, როცა საქმე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ვფიქრობ, ჩვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა კარგად იციან ახალი რეგიონების ისტორია". - განაცხადა ზახაროვამ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ ბრიფინგზე.

10 სექტემბერს დასრულდა რუსეთის მუნიციპალური არჩევნები. არჩევნები ჩატარდა ასევე უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებშიც - დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში - რაც უკრაინამ თავის მოკავშირეებთან ერთად დაგმო და საერთაშორისო კანონდარღვევა უწოდა.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა ოლქში არჩევნები რუსეთის მმართველმა პარტიამ, Единая Россия-მ მოიგო.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება დაგმო.

კომენტარები