საქართველო-აშშ

ბოკერია: აშშ-ის ბაზების განლაგება და NATO-ს წევრობა ერთმანეთის ურთიერთშემვსები ფაქტორებია

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

"ივანიშვილის რეჟიმის თითოეული დღე ხელისუფლებაში ურტყამს ჩვენს უსაფრთხოება". – ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის ბაზების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე ვერ იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია.

ბოკერიამ ქართული ოცნების რიტორიკას ბრიყვული და მავნებლური უწოდა. მისი თქმით, ეს არის გზავნილი  ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ლობისტი უნდა იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ტყუილია ქართული ოცნების ნარატივი, თითქოს მოკავშირე სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განლაგება საქართველოში და NATO-ში გაწევრიანება ერთმანეთის ურთიერთსაპირისპიროა.

"ეს არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემვსები ფაქტორებია. ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მრავალწლიანი კამპანია ჰქონდათ, რომ NATO-ს წევრობის მიუხედავად, მათ ტერიტორიაზე განლაგებულიყო მოკავშირეების ძალები, ზუსტად იმისთვის, რომ NATO-ს მეხუთე მუხლის დაცვა უფრო ეფექტურად მომხდარიყო. ეს გახდა შესაძლებელი რამდენიმე წლის წინ და ახლა კვლავ მიდის კამპანია, რომ გაიზარდოს მოკავშირეების, განსაკუთრებით აშშ-ის სამხედრო შენაერთების რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე". – ამბობს ბოკერია. 

ბოკერია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ ისტორიულ მომენტში ერთი მხრივ მშვიდობის დროშას აფრიალებს, სინამდვილეში კი, ყველა თავისი მოქმედებით და იმ განწყობით, რაც ივანიშვილის გარემოცვას აქვს, ჩვენს უსაფრთხოებას უზარმაზარ ზიანს აყენებს. 

"დღეს, სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლება უნდა ლობირებდეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და დიახ, თუ შანსი იქნება, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის შენაერთების განლაგების, რაც შედის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს ინტერესებში. ეს არგუმენტები უნდა ჰქონდეს ნორმალურ და არა პუტინისტური სულისკვეთების მქონე ხელისუფლება, როგორიც ჩვენ დღეს გვყავს". – თქვა ბოკერიამ. 

მთავარი არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წელს მმართველმა გუნდმა საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა. 

აღნიშნულს გამოეხმაურნენ ქართული ოცნების ლიდერები. პარტიის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ შეუძლებელია რომელიმე სახელმწიფოს სამხედრო ბაზა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი იყოს. 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი დასავლეთს მოუწოდა, თუ "ერთი ადგილი აქვთ", მიიღონ საქართველო NATO-ს ალიანსში.

კომენტარები