მთიანი ყარაბაღის რეგიონი

პუტინი: ერევანმა ფაქტობრივად აღიარა ბაქოს სუვერენიტეტი ყარაბაღზე

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

"სომხეთის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის". - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე.

როგორც პუტინმა აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირდაპირ ამბობს, რომ "ყარაბაღის სტატუსის განსახილველი საკითხი აღარ არის, ის მოგვარებულია".

"სომხეთის ხელმძღვანელობამ ეს საჯაროდ განაცხადა. 1991 წლამდე აზერბაიჯანის სსრ-ის ფარგლებში მთელი ტერიტორია გაზომა და დაასახელა რიცხვი, რომელიც მოიცავდა თავად ყარაბაღის ტერიტორიასაც. ეს მოხდა. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება - ეს არის სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება". - თქვა პუტინმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში ჩნდება კითხვები ჰუმანიტარულ საკითხთან და რუსი სამშვიდობოების რეგიონში დარჩენის მანდატთან დაკავშირებით. 

"მანდატი კვლავ ძალაშია. მაგრამ ჰუმანიტარული სახის საკითხები, რაც ხელს უშლის იქ რაიმე სახის ეთნიკურ წმენდას, რა თქმა უნდა, არ გამქრალა. მე სრულიად ვეთანხმები ამას. იმედი მაქვს, აზერბაიჯანის ხელისუფლება, როგორც გვითხრეს და ახლაც გვეუბნებიან, არ არის დაინტერესებული რაიმე სახის ეთნიკური წმენდით. უფრო მეტიც, პირიქით, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს პროცესი რბილად წარიმართოს". - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ იგი მუდმივ კონტაქტზეა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ცოტა ხნის წინ მისგან წერილიც კი მიიღო. მისი თქმით, რუსეთს არც სომხეთთან და არც მის პრემიერმინისტრთან "პრობლემა არ აქვს". 

კომენტარები