ენმ

ხაბეიშვილი უგულავას ინიციატივაზე: ენმ-ში არანაირი ბორდი არ შეიქმნება, ეს გამორიცხულია

ლევან ხაბეიშვილი
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გიგი უგულავას მიერ ენმ-ის ბაზაზე ბორდის შექმნასთან დაკავშირებულ ინიციატივას გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტიის შიგნით არანაირი ბორდი არ შეიქმნება.

"ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და მათ შორის, პარტიის პოზიციის გაგება თუ გინდათ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანოებია შექმნილი პარტიაში. გიგი უგულავას შეუძლია მისი სუბიექტური პოზიციები დააფიქსიროს, რაც დიდ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დაემთხვევა ნაციონალური მოძრაობის პოზიციებს, თუმცა გიგი უგულავას განცხადება, ცხადია, ვერ იქნება ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური პოზიცია. ნაციონალური მოძრაობის შიგნით არანაირი ბორდი არ შეიქმნება. ეს არის გამორიცხული და თქვენც, დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური ინფორმაცია გექნებათ და მიიღებთ თუნდაც გიგი უგულავასგან." - თქვა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, გიგი უგულავა არა ენმ-ის წევრი, არამედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

"გარკვეული ჯგუფი, რომელსაც აქვს სურვილი ნაციონალურ მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილთან იყოს გაერთიანებული და მხარი დაუჭიროს გამარჯვების პლატფორმას და შეიქმნას გარკვეული ერთობა, ძალიან მნიშვნელოვანია. მეტიც, მივესალმები, თუმცა ცხადია, ეს არ არის ნაციონალურ მოძრაობასთან და ნაციონალურ მოძრაობაში, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების გუნდი და გიგი უგულავა ასეთად მოიაზრება. ნაციონალურ მოძრაობაში არ იქნება, თუმცა ნაციონალური მოძრაობა ჩართული იქნება, როგორც რიგითი წარმომადგენლობა ამ ერთობაში თუ ასეთი იქნება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერში მივიღებთ მონაწილეობას." - თქვა ხაბეიშვილმა.

კომენტარები