გამონაბოლქვი

გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ხილულ გამონაბოლქვზე 5 დღეში 167 მანქანა დააჯარიმა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის მიღებიდან პირველ 5 დღეში ხილულ გამონაბოლქვზე 167 მანქანა დააჯარიმეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 92 ჯარიმა თბილისში დაწერეს. ქუთაისში - 34, ბათუმში - 29, ქალაქ რუსთავში კი 12 ჯარიმა დაწერეს.

4 სექტემბრიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა. გამონაბოლქვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები სპეციალური ხელსაწყოებით გააკონტროლებენ.

სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) -  300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში -  600 ლარით.  იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით.  

გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმებაზე თავის არიდება ისჯება იგივე სანქციით. ამასთან, ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. 

კომენტარები