სტიქია გურიაში

ლანჩხუთის მერი: მიწაში დაიმარხა სახლი, სადაც ბავშვი იყო

ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში მოზარდს ეძებენ. ამის შესახებ მერმა Interpressnews-თან ისაუბრა.

"მთელი ღამის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი წვიმა იყო გუშინ, 21:00 საათზე რომ დაიწყო, არ გაჩერებულა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ გასულები. ყველგან მუშაობდნენ, მაგრამ ფიზიკურად უძლურები იყვნენ. მეწყერმა რამდენიმე სახლი ჩაიტანა. ამ ეტაპისთვის, ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო და ეს სახლი მიწაში დაიმარხა. ამ სახლის სხვა მცხოვრებლებმა გამოასწრეს, როგორც ვიცი." - ამბობს სარიშვილი.

მერის თქმით, სტიქიის ზონაში ტექნიკა ვერ მუშაობს და ადგილზე მძიმე მდგომარეობაა. როგორც სარიშვილმა Interpressnews-ს უთხრამეწყერის შედეგად 10-მდე სახლი დაზიანდა.

"დილიდან ტექნიკა გავგზავნეთ, მაგრამ ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახი. ახლაც წვიმს, უბრალოდ ისე ძალიან აღარ, როგორც მთელი ღამე წვიმდა. ამ წუთისთვის, სხვა მოქალაქეებს არ ვეძებთ. 10-მდე სახლია დაზიანებული და ყველა მათგანიდან მოსახლეობა გამოსულია. გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს, ცუდი მდგომარეობაა ძალიან. მობილიზებულია ტექნიკა. ბევრ ადგილზე მეწყერსაშიში ზონებია. მეწყერს რას ვუზამთ, მაგრამ ვცდილობთ მოსახლეობა გამოვიყვანოთ." - ამბობს მერი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. 

კომენტარები