რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უკრაინა გაიმარჯვებს" – ამბობს რუსი პილოტი, რომელიც ვერტმფრენით უკრაინელებს ჩაბარდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დოკუმენტური ფილმი ჩამოგდებული რუსი მფრინავები გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინელი მზვერავების რამდენიმე სპეცოპერაციაა აღწერილი. ფილმში ნაჩვენებია რუსი პილოტი, რომელმაც აგვისტოში რუსული ვერტმფრენით უკრაინელებს ჩაბარდა.

МИ-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც რუსული გამანადგურებლების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდათ ხარკოვში 23 აგვისტოს დაეშვა. ბორტზე ნაწილების გარდა მნიშვნელოვანი სამხედრო საბუთები იყო. რუსული მხარის მტკიცებით მფრინავმა შეცდომა დაუშვა და უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემთხვევით დაეშვა. დაზვერვის სამმართველოს მიერ მომზადებულ ფილმში კი ჩანს, რომ პილოტის გადმობირებაზე მზვერავები 9 აგვისტოდან მუშაობდნენ.

ფილმის ერთ-ერთი გმირია თავად პილოტიც, 28 წლის კაპიტანი მაქსიმ კუზმინი, რომელიც ამბავს ასე იხსენებს:

"მე უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს დავუკავშირდი. ისინი უსაფრთხოებას, ახალ საბუთებს და ფულად კომპენსაციას დამპირდნენ. დავთანხმდი და გადავფრინდი. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ აქ არანაირი ფაშისტები არ არიან. საწყენია რაც ხდება. რაც ახლა ხდება უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია. ჩემი საქციელის საფუძველი არის ის, რომ არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია". – ამბობს კუზმინი.

კომენტარები