ნობელის პრემია

ნობელის ფონდი რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩებს ცერემონიაზე აღარ მიიწვევს

2 სექტემბერს, საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ, ნობელის ფონდმა რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მიწვევა სტოკჰოლმში დაგეგმილ ცერემონიაზე გააუქმა.

ფონდის თქმით, მათ გაითვალისწინეს "ძლიერი რეაქციები შვედეთში" და გადაწყვიტეს რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წარმომადგენლები სტოკჰოლმში, ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე აღარ მიიწვიონ. თუმცა, ტრადიციულად, მოწვევა ძალაში რჩება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნობელის ფონდმა სტოკჰოლმში დაგეგმილ ღონისძიებაზე "ნობელის პრემიის, თავისუფალი მეცნიერების, თავისუფალი კულტურისა და თავისუფალი, მშვიდობიანი საზოგადოების მნიშვნელობის" ხაზგასასმელად ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, ბელარუსისა და ირანის რეჟიმების ელჩებიც მიიწვია, 31 აგვისტოს გავრცელდა.

მიწვევა მკაცრად გააკრიტიკეს შვედეთში. უკრაინაში რუსეთის ომისა და ირანში ადამიანის უფლებების შელახვის მიუხედავად ამ ქვეყნების დიპლომატების მიწვევით უკმაყოფილო პარლამენტარები ცერემონიის ბოიკოტით დაიმუქრნენ, ხოლო პრემიერმინისტრმა ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ რუსეთის წარმომადგენლებს ღონისძიებაზე დასწრების უფლებას არ მისცემდა.

რუსეთისა და ბელარუსის ელჩები ცერემონიაზე 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების გამო არ მიიწვიეს.

კომენტარები