აშშ

ტრამპი ჯორჯიის შტატში მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის მომდევნო სასამართლოს არ დაესწრება

დონალდ ტრამპი 2022 წლის 15 ნოემბრის მიმართვის დროს
Alon Skuy/AFP via Getty Images

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში, მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ არ დაესწრება აღნიშნულ საქმეზე  მომდევნო კვირაში გასამართ სასამართლო სხდომას.

ჯორჯიის შტატში, ფულტონის ოლქის მოსამართლემ დონალდ ტრამპისა და დანარჩენი 18 ბრალდებულის საქმის განხილვა 6 სექტემბერს ჩანიშნა, თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი კანონის მიხედვით ვალდებული არ არის, დაესწროს სასამართლო სხდომას.

დონალდ ტრამპს ბრალად ედება ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის ცვლილების მცდელობა. 

25 აგვისტოს, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ატლანტის ციხეში, ნებაყოფლობით გამოცხადების შემდეგ, პირველად მოსთხოვეს კამერის წინ დადგომა და პატიმრის ფოტოს გადაღება, პროცესი, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა ეჭვმიტანილი გადის. ფულტონის ოლქის ხელისუფლებამ ფოტო ტრამპის მიერ ციხის დატოვებიდან მცირე ხნის შემდეგ გამოაქვეყნა.

CNN-ის ცნობით, ტრამპის საპატიმრო ნომერია P01135809.

ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30-ზე გამოცხადდა, მისი ნებაყოფლობით ჩაბარების ბოლო ვადიდან რამდენიმე საათით ადრე. მისი მხარდამჭერების ნაწილი შეკრებილი იყვნენ ციხის გარეთ, სადაც სამართალდამცველებს რკინის ბარიკადები ჰქონდათ აღმართული.

მანამ, სანამ ტრამპის ციხის სისტემაში რეგისტრაცია, მისი ანაბეჭდების აღება და ფოტოს გადაღება მიმდინარეობდა, პენიტენციური დაწესებულების თავზე საჰაერო სივრცე დახურული იყო.

ციხის შენობაში ყოფნის დროს ტრამპმა გაიარა პროცესი, რომელსაც ჩაბარების დროს ნებისმიერი სხვა ადამიანი გაივლიდა: ჩააბარა თითის ანაბეჭდები და გადაუღეს ფოტო.

ტრამპის წინა სამი პროცესის დროს ადგილობრივ ხელისუფლებებს ტრამპისთვის პატიმრის ფოტო არ გადაუღიათ ან არ გამოუქვეყნებიათ, რათა აერიდებინათ აჟიოტაჟი და ამას გარდა მიაჩნდათ, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ფორმალური, საიდენტიფიკაციო ფოტოს გადაღებას აზრი არ ჰქონდა.

აქამდე ტრამპს ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში გამოცხადების დროს პირველად აუღეს თითის ანაბეჭდები. ვაშინგტონს ტრამპს ბრალად ასევე 2020 წლის არჩევნების შედეგების ცვლილების მცდელობა ედებოდა ბრალად.

ჯორჯიაში ტრამპის გირაოს თანხა 200 000 დოლარს უტოლდებოდა და მოიცავს მკაცრ პირობებს, რომ არ დააშინოს და არ ჰქონდეს კომუნიკაცია მოწმეებთან და შესაძლო თანამზრახველებთან, რომელთა წინააღმდეგ საქმე ასევე მიმდინარეობს. მათთან კომუნიკაცია მხოლოდ ადვოკატის შუამავლობით შეუძლია.

მას ასევე ეკრძალება "ნებისმიერი სახის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მუქარა საზოგადოების, ან საზოგადოების რაიმე საკუთრების მიმართ", მათ შორის სხვა პირთა სოციალური ქსელებიდან პოსტების გადაზიარებით.

კომენტარები