აზია

ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რუკას ინდოეთის, მალაიზიისა და ტაივანის კრიტიკა მოჰყვა

ჩინეთმა 2023 წლის ახალი "სტანდარტული რუკა" გამოაქვეყნა ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საიტზე.

აღნიშნული რუკაზე, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე არუნაჩალ პრადეშის შტატი და აკსაი ჩინის პლატო ჩინეთის ტერიტორიადაა ნაჩვენები. ასევე, რუკის მიხედვით, ჩინეთის ტერიტორია მოიცავს მალაიზიის ტერიტორიულ წყლებს კუნძულ ბურნეოსთან, ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდ არეალი.

მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ჩინეთის მიერ გავრცელებულ რუკას და აღნიშნავს, რომ ის რეალობას არ შეესაბამება.

"რუკას არანაირი ეფექტი არ აქვს მალაიზიაზე. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით, რომ 1979 წლის რუკის მიხედვით, ვუარყოფთ ნებისმიერი უცხო მხარის პრეტენზიებს ჩვენი ტერიტორიული წყლების სუვერენიტეტის, სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის მიმართ". – ვკითხულობთ მალაიზიის განცხადებაში.

რუკასთან დაკავშირებით პროტესტი ასევე გამოხატა ინდოეთმაც, რომელიც მომდევნო კვირას დიდი ოცეულის სამიტს უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამიტს არ დაესწრება ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი.

"ჩვენ ვუარყოფთ ამ პრეტენზიებს გამომდინარე იქიდან, რომ მათ არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. ჩინეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯები ქვეყნებს შორის საზღვრების საკითხის მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს". – ამბობს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, არინდამ ბაგჩი.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა კი აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი უსაფუძვლოდ ცდილობს უცხო ქვეყნის ტერიტორიის მიტაცებას.

ჩინეთის ახალ რუკაზე ტაივანი აღნიშნულია, როგორც ჩინეთის ტერიტორია. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Nikkei Asia-სთან მიცემულ კომენტარის მიხედვით, ტაივანი, იგივე ჩინეთის რესპუბლიკა, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არ არის აფილირებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

კომენტარები