ქართული ოცნება

მდინარაძე პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტზე: მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპელ ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრებს გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის თანხმობა არ აქვს. მისივე განცხადებით, ამ ნაბიჯით სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს  საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად იწყებს.

"[ამ ვიზიტებთან დაკავშირებით] სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის თანხმობა არ აქვს [...] აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს. მაგრამ, მთავრობის უარსაც თავისი მიზეზები აქვს [...] მაგალითად, შემიძლია, გაგახსენოთ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო იყო. ამ გამოსვლაში საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო ის იყო, რომ თითქოს, დღეს ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრობასა და კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, მაშინ მის განცხადებაში ეს პათოსი იყო [...] მაშინ, როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგები რეფორმების გატარების შეფასების კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო ამ მიმართულებით პირველია და საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან ამის საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა, მის ვოიაჟთან დაკავშირებით რისკები არსებობს [...] სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული საქართთველოს მთავრობის უთანხმოებაც და ეს შესაბამისი გადაწყვეტილებაც". - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად" სალომე  ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი 31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში გაიმართება - ის გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

კომენტარები