აშშ-ჩინეთი

Reuters: სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის პოლიტიკის ხელმძღვანელად მარკ ლამბერტი აირჩია

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანეთის ოფისში, მარკ ბაქსტერ ლამბერტი
U.S. DEPARTMENT of STATE

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის პოლიტიკის ხელმძღვანელად ვეტერანი დიპლომატი და ამჟამად აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანეთის ოფისში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, მარკ ბაქსტერ ლამბერტი აირჩა.

აქამდე ლამბერტი იაპონიის, კორეისა და მონღოლეთის საკითხებზე, ასევე ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან და წყნარი ოკეანის კუნძულებთან ურთიერთობების მიმართულებით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეც იყო. ორი ვადის განმავლობაში მუშაობდა პეკინში ამერიკის საელჩოშიც.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, ლამბერტს ჩინეთისა და ტაივანის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილედ დანიშნავენ. აღნიშნული პოსტი ივნისში რიკ უოტერსმა დატოვა და მას შემდეგ ვაკანტურია.

უოტერსი ჩინეთის სახლის სახელით ცნობილი, 2022 წლის მიწურულს შექმნილი განყოფილების, ჩინეთის კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელიც იყო. ჯერჯერობით უცნობია დაიკავებს თუ არა ლამბერტი ამ თანამდებობასაც. შესაბამისი განხილვები ახლაც მიმდინარეობს.

როგორც Reuters აღნიშნავს, ლამბერტის დანიშვნა ვაშინგტონის მიერ ჩინეთის მიმართ წარმოებული პოლიტიკის ტონს სავარაუდოდ არ შეცვლის, თუმცა აღმოსავლეთ აზიის საკითხებზე მომუშავე გამოცდილი დიპლომატი ჩინეთის პოლიტიკის განმსაზღვრელ განყოფილებებში, რომლებსაც ბიუროკრატიის ზრდისა და პეკინზე ფოკუსირებული ინიციატივების არასათანადო მართვის გამო სულ უფრო მკაცრად აკრიტიკებენ, საკუთარ გავლენებს შეიტანს.

ჯერჯერობით უცნობია ოფიციალურად როდის დანიშნავენ ლამბერტს თანამდებობაზე.

კომენტარები