სტიქია რაჭაში

შოვში კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

შსს

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა უთხრა.

"მოგეხსენებათ, ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. ჩვენ დაახლოებით საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის კიდევ აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ“, - თქვა მღებრიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე მაშველებმა, საერთო ჯამში, 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობითვე, ელოდებიან "2-3 ადამიანის იდენტიფიცირებას".

"ამ დროისთვის ვეძებთ ორ ადამიანს“, – ამბობს მღებრიშვილი.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყრის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები