საქართველო-რუსეთი

მედვედევი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით იმუქრება

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით იმუქრება.

"არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ძველებურად მზად ვართ პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით გადავჭრათ. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურად გამოიკვეთება, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა ძველებურად პოპულარულია. და სავსებით შეიძლება მისი რეალიზება, თუ საფუძვლიანი მიზეზები გაჩნდება". – წერს მედვედევი სტატიაში.

სტატია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლის აღიარების საიუბილეო თარიღიდან 3 დღით ადრე გამოქვეყნდა და შეეხება 2008 წლის შემდეგ მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომს.

მედვედევი სტატიაში საუბრობს "გაკვეთილებზე", რომლებიც 2008 წლის ომის შედეგად გამოჩნდა.

მედვედევის მტკიცებით, საქართველო მრავალი წლის განმავლობაში "ასრულებდა ოსი ერის შეუფარავ გენოციდს", ხოლო 2008 წლის მოვლენებში ქართულ მხარეს ადანაშაულებს "აგრესიაში" და ამბობს, რომ ამ "აგრესიის" მიზანი "დაუმორჩილებელი სამხრეთ ოსეთის მტრულ სახელმწიფოს საზღვრებში დაბრუნება" იყო.

მედვედევის 2008 წლის ომის მოვლენებს უწოდებს გაკვეთილს, რომელიც დასავლეთმა ვერ ისწავლა.

 "კარგია, რომ ასეთი მოვლენები, თუ ისინი ხდება, მტრულად განწყობილი დამკვირვებლებისთვის გაკვეთილია. სამწუხაროდ არა, ეს არ მომხდარა. და უკეთესი გამოყენების ღირსი დასავლური მსოფლიო ჯიუტად, ისევ და ისევ ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს. უცვლელი და კარგად განჭვრეტადი რეზულტატით". – წერს მედვედევი.

მედვედევი ირწმუნება, რომ NATO რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში აწარმოებს "ჰიბრიდულ, მაგრამ აბსოლუტურად სრულმასშტაბიან და სისხლისმღვრელ ომს". მისი აზრით, კიევი ისევე დამარცხდება, როგორც "თავის დროზე ქართველი აგრესორები". ის ასევე იმუქრება, რომ მომავალში შესაძლებელია "საბჭოთა კავშირის ნამსხვრევებზე ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო უკრაინა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრეს". 

მედვედევი პროპაგანდისტულ სტატიაში გამოყოფს 4 "გაკვეთილს", რომელთა მიხედვითაც, "ფსონი არ უნდა დადო": შეშლილებზე, რუსოფობიაზე, ტყუილსა და ძალაზე.

მედვედევის მტკიცებით, 2008 წელს თბილისის მიმართულებით იერიში რუსეთმა მას შემდეგ შეაჩერა, რაც საფრთხე უვნებელყო და უსაფრთხოების გარანტიები შექმნა. მისი სტატია ეხმაურება ე.წ. მეორე ფრონტის პროპაგანდისტულ ნარატივს და ირწმუნება, რომ რუსეთის საზღვრებთან დასავლეთი, საქართველოს გამოყენებით, დაძაბულობის ახალი კერის შექმნას ცდილობს. მედვედევმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ საქართველოს NATO-ში მიღება კვლავ განიხილება. ის გამოეხმაურა საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებსაც, რასაც "რუსოფობიური ნაპერწკლები" უწოდა.

"დაბოლოს, დასავლეთმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა ისწავლოს. 2008 წელს ჩვენ შევაჩერეთ იერიში თბილისისკენ, როცა გაჩენილი საფრთხეების აღმოფხვრა და უსაფრთხოების გარანტირება მოვახერხეთ. მაგრამ ვითარებას კვლავ აქტიურად ძაბავენ - როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ჩვენს საზღვრებთან, უკრაინის ფლანგის მისამატებლად, დაძაბულობის მორიგი კერა შექმნან. კვლავ მიდის საუბარი საქართველოს NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ბრძანებისამებრ, ამ ქვეყანაში რუსოფობიური ნაპერწკლები გაჩნდა". – წერს მედვედევი.

მედვედევის თქმით, კვლავ შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთება და დასავლეთს ემუქრება, რომ 2008 წლის მოვლენების გამეორება იქნება "მორიგი ფიასკო და გავლენის დაკარგვის კატასტროფის კიდევ ერთი სიმბოლო".

კომენტარები