საბერძნეთი

საბერძნეთის ხელისუფლება და EU ხალხს ხანძრების უკიდურესად მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს

ALEXANDROS AVRAMIDIS/REUTERS

საბერძნეთის ხელისუფლება ექსტრემალური ტემპერატურისა და ძლიერი ქარების გამო გაჩენილ ტყის ხანძრებისათვის გასამკლავებლად მზადყოფნაშია. ოფიციალური უწყებები ხანძრის უკიდურესი რისკის შესახებ საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ათენში, მაცხოვრებლებსა და დამსვენებლებს აქტიურად აფრთხილებენ.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის სპიკერის, იოანის არტოფიოსის თქმით, ქვეყანა "ექსტრემალური ფენომენის" წინაშე დგას და საჭიროა "ამ რთულ სიტუაციასთან ადაპტაცია".

19-20 აგვისტოდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ათობით ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა. 

ამჟამად, მზარდ ხანძართან გამკლავებას თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისის მიმდებარე ტერიტორიებზე ცდილობენ. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის თქმით, ხანძარი რეგიონში 4 დღის წინ გაჩნდა და ახლა ქალაქთან ახლოს მდებარე 13 დასახლებიდან ხალხი ევაკუირებულია. სულ მცირე ერთი ადამიანია დაღუპული.

ხანძრის კერებია ცენტრალური საბერძნეთის კუნძულ ევიასა და ბეოტიაზეც, ისევე როგორც აღმოსავლეთ როდოპის რეგიონში და ჩრდილოეთის ქალაქ კავალაში.

ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, საბერძნეთი ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელიც ამჟამად ტყის ხანძრის უკიდურესი რისკის ქვეშ იმყოფება.

"საბერძნეთს ტყის ხანძრების თვალსაზრისით 2008 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი ივლისი ჰქონდა. დამწვარი ტერიტორია უფრო დიდი, ხანძარი კი უფრო ინტენსიური და მძაფრია". -მიუთითა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეს ლენარჩიჩმა.

კომენტარები