რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მზად ვართ, გავცვალოთ ბელგოროდი NATO-ს წევრობაში

ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსის სამიტის ფარგლებში გამართულ G7-ის ლიდერების შეხვედრაზე.
Paul Ellis/Pool/AFP via Getty Images

დანიაში ვიზიტისას ქვეყნის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის კითხვა NATO-ს წევრობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობის შესახებ დაუსვეს.

"მზად ვართ, გავცვალოთ ბელგოროდი NATO-ს წევრობაში" - ხუმრობით უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, ბელგოროდი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის მოსაზღვრე ოლქია.

15 აგვისტოს NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა არ გამორიცხა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება.

იენსენის განცხადებას იმავე დღეს უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ. მისი თქმით, "საუბარი უკრაინული ტერიტორიების ნაწილის სანაცვლოდ უკრაინის NATO-ში შესვლაზე სრულიად მიუღებელია".

ცნობას გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისშიც. მისი ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მედიის მიერ გავრცელებული სიტყვები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ომს მხოლოდ მომდევნო თაობას გადაულოცავდა.

კომენტარი გააკეთა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმაც, ოლექსი დანილოვმაც.

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთი ქვეყანა ყოფილა ასეთი გამოცდის წინაშე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რჩევების მოცემა, დღეს კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა გააკეთა განცხადება ჩვენს მიწებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, საკმაოდ უცნაური. ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ - ჩვენი ტერიტორიიდან მტერი გავაძევოთ". - თქვა მან.

მოგვიანებით იენსენმა საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ შეცდომა დაუშვა.

კომენტარები