რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლენკო: ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ NATO-ში მიღებაზე საუბარი სრულიად მიუღებელია

ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა არ გამორიცხა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება.

"საუბარი უკრაინული ტერიტორიების ნაწილის სანაცვლოდ უკრაინის NATO-ში შესვლაზე სრულიად მიუღებელია. ყოველთვის მივიჩნევდით, რომ ალიანსი, როგორც უკრაინამ ტერიტორიებით არ ვაჭრობს. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, NATO-ს მაღალჩინოსნების ჩართულობა ომის დასასრულებლად უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიებიდან გამოსვლის შესაძლებლობის ნარატივის შექმნაში რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს". – წერს ნიკოლენკო.

აქამდე ნორვეგიულ მედიაში გავრცელდა ცნობა სტიან იენსენის ნათქვამის შესახებ. იენს სტოლტენბერგის აპარატის მეთაური უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთ ვარიანტად კიევის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დათმობასა და მის NATO-ში მიღებას განიხილავდა.

"ვფიქრობ გადაჭრის გზა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობა და საპასუხოდ NATO-ს წევრობა იქნება". – ციტირებდა იენსენს ნორვეგიული მედია VG. მათი ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანმა ნორვეგიაში, არენდალში გამართული კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე ისაუბრა.

როგორც VG იენსენს ციტირებდა, "ამის განხილვა მნიშვნელოვანია". ამავე ცნობით, მან გაიმეორე იენს სტოლტენბერგის პოზიცია, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინის გადასაწყვეტია თუ რა პირობებზე მოილაპარაკებენ.

"არ ვამბობ, რომ ეს ასე უნდა მოხდეს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გადაჭრის გზა". – ციტირებს VG იენსენს.

ცნობას გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისშიც. მისი ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მედიის მიერ გავრცელებული სიტყვები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ომს მხოლოდ მომდევნო თაობას გადაულოცავდა.

"NATO-ს ქოლგის სანაცვლოდ ტერიტორიების გაცვლა? უცნაურია. ანუ გააზრებულად წასვლა დემოკრატიის მარცხზე, გლობალური დამნაშავის წახალისება, რუსული რეჟიმის კონსერვაცია, საერთაშორისო კანონების განადგურება და სხვა თაობისთვის ომის უეჭველი გადალოცვა. მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისა და "ცუდი მშვიდობის" დამყარების მცდელობები, პირდაპირ რომ ვთქვათ, პუტინის ტრიუმფი, მსოფლიოს მშვიდობას ვერ მოუტანს, არამედ მოიტანს სირცხვილსა და ომს. ეს ეხება "ევროპის გაყოფის" ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის NATO-ს ქოლგითაც. მაშინ რა საჭიროა რუსეთისთვის სასურველი სცენარის, შეიარაღების მიწოდების დაჩქარების ნაცვლად მისი შეჩერების შემოთავაზება? არ უნდა წავახალისოთ მკვლელები საშინელი ინდულგენციებით". – წერს პოდოლიაკი.

კომენტარი გააკეთა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმაც, ოლექსი დანილოვმაც. 

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთი ქვეყანა ყოფილა ასეთი გამოცდის წინაშე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რჩევების მოცემა, დღეს კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა გააკეთა განცხადება ჩვენს მიწებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, საკმაოდ უცნაური. ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ - ჩვენი ტერიტორიიდან მტერი გავაძევოთ". – აღნიშნა დანილოვმა. 

კომენტარები