ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი

სამინისტროს განცხადება შეიცავს შეცდომებს და უსაფუძვლო ბრალდებებს – ჩუბინაშვილის ცენტრი

netgazeti

კულტურის სამინისტროს მიერ აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების საპასუხოდ გ. ჩუბინაშვილის სახელობის კვლევით ცენტრში აღნიშნავენ, რომ კულტურის სამინისტროს განცხადება "შეიცავს მრავალ შეცდომას და იურიდიულად გაუმართავ უსაფუძვლო ბრალდებებს".

კვლევით ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულ ბრალდებებზე დეტალურ და დასაბუთებულ პასუხს გაასაჯაროებენ.

"დღეს დილით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თავისი ფეისბუკის გვერდის მეშვეობით გაავრცელა განცხადება გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ. აღნიშნულია, რომ განცხადება ეფუძნება სამინისტროს აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წლის თებერვალ-აპრილში გ. ჩუბინაშვილის ცენტრში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ძირითად შედეგებს.

განცხადება შეიცავს მრავალ შეცდომას და იურიდიულად გაუმართავ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელთა მიზანია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია. დასანანია, რომ სამინისტრო ასეთი უკადრისი მეთოდებით ებრძვის მასზე დაქვემდებარებულ კვლევით ცენტრს, რომლის მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია და მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიცია კარგად არის ცნობილი ჩვენი სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც". – აღნიშნულია ჩუბინაშვილის ცენტრის გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კულტურის სამინისტრომ გ. ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის შესახებ აუდიტის დასკვნის შედეგები სოციალურ ქსელში 19 აგვისტოს გაავრცელა

სამინისტროს განცხადების თანახმად, აუდიტმა ცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. მათივე თქმით, "კვლევითი ცენტრი, უკვე მრავალი წელია, იმართება მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე და მას, მმართველობის მხრივ, სისტემური პრობლემები აქვს". 

"აუდიტორული შემოწმების შედეგად კვლევითი ცენტრის საქმიანობაში აღმოჩენილი ზემოხსენებული ხარვეზები ცალსახად ადასტურებს კონტროლის ნაკლოვანებასა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ კვლევითი ცენტრი, არაერთი წლის მანძილზე, არაკომპეტენტურად იმართება და რომ მოცემულ სახელმწიფო ორგანიზაციას არ აქვს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების განცდა". – წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები