Twitter-ი ილონ მასკის ხელმძღვანელობით

X-ის მომხმარებლები სხვა ანგარიშების დაბლოკვის ფუნქციით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ – მასკი

REUTERS/Gonzalo Fuentes

X-ზე, რომელიც ადრე Twitter-ის სახელით იყო ცნობილი, მომხმარებლები სხვა ანგარიშების დაბლოკვას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გაავრცელა

მასკის თქმითვე, დაბლოკვის ფუნქციის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირდაპირი შეტყობინებების შემთხვევაში. 

დაბლოკვის ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კონკრეტულ ანგარიშებს მათთან წვდომა, მათ შორის, მათი პოსტების ნახვა შეუზღუდოს. 

"დაბლოკვა წაიშლება როგორც "ფუნქცია", გარდა DM-ებისა [პირდაპირი შეტყობინებებისა]". - თქვა მასკმა სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში, ხოლო მოგვიანებით დასძინა: "მას არანაირი აზრი არ აქვს".

მასკს დაბლოკვის ფუნქციის გაუქმების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა, აღნიშნა, რომ მომხმარებლებისთვის ე.წ. დადუმების (mute) ფუნქცია კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. 

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ, რომელიც X-ის ინვესტორიცაა, აღნიშნა, რომ დაბლოკვის ფუნქციის გაუქმებამდე ე.წ. ბოტებისა და სპამების პრობლემების მოგვარებაა აუცილებელი.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ აპირებს Twitter-ს სახელი შეუცვალოს და X დაარქვას. მასკი კომპანიის რებრენდინგისთვის ასევე გეგმავს, Twitter-ის ცნობილი ლოგოს, ჩიტის შეცვლას. მასკის თქმით, მისი მიზანია Twitter-ი აქციოს "ყველაფრის აპლიკაციად". 

კომენტარები