Twitter-ი ილონ მასკის ხელმძღვანელობით

POLITICO: ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე ჯგუფმა მასკი სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინა

REUTERS/Gonzalo Fuentes

ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა, "იდენტობა და დემოკრატია" ილონ მასკი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლეს ჯილდოზე წარადგინა. ამის შესახებ Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, "იდენტობა და დემოკრატიამ" ევროპარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი, სადაც მასკის კანდიდატურის შესახებაა საუბარი. 

გარდა ამისა, როგორც Politico წერს, ''იდენტობა და დემოკრატიის" დოკუმენტში ნახსენებია მასკის გადაწყვეტილება, ე.წ. Twitter-ის ფაილების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაილები მოიცავდა წინასწარ შერჩეულ დოკუმენტებს იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებდა სოციალური მედიის პლატფორმა პოლიტიკური პოსტების წაშლის მოთხოვნებს.

"ეს კი მიუთითებს გამოხატვის თავისუფლების პრინციპის დაცვას". - განაცხადა ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა.

"სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის" მოიცავს 50 000 ევროს ღირებულების პრიზს. გასულ წელს იგი უკრაინელ ხალხს გადაეცა. 

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასკი ამ ჯილდოს მიიღებს, რადგან ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ყველა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ერთად შეარჩევენ გამარჯვებულს ამ წლის ბოლოს". - წერს Politico. 

გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ სამი უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის - ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატების და ლიბერალური განახლების - ლიდერებმა აღნიშნულ პრიზზე ახალგაზრდა ირანელი ქალი, მაჰსა ამინი წარადგინეს. ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააპატიმრა, მოგვიანებით კი ის გარდაიცვალა. 

ამასთანავე, მწვანეების პოლიტიკურმა ჯგუფმა პრემიაზე კლიმატის აქტივისტი ვანესა ნაკატე წარადგინა, ხოლო მემარჯვენე ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტებმა - საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

კომენტარები