პოლონეთი

დუდა: კაჩინსკი NATO-ში საქართველო-უკრაინის მიღების დიდი მომხრე იყო, სამწუხაროდ, არ დაუჯერეს

ანდჟეი დუდა პოლონეთის არმიის დღეზე, 2023 წლის 15 აგვისტო.
prezydent.pl

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ პოლონეთის არმიის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ექსპრეზიდენტ ლეხ კაჩინსკიზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ კაჩინსკი დასავლეთს რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებთან დაკავშირებით აფრთხილებდა და საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერდა. 

ანდჟეი დუდამ გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისის ცენტრში სიტყვით გამოსვლა.

"ზუსტად 3 დღის წინ 15 წელი გავიდა რუსული აგრესიის დროს პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში ისტორიული სიტყვის გამოსვლიდან, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ. პოლონეთის რესპუბლიკის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, თბილისის ცენტრიდან თავისუფალ მსოფლიოს გაერთიანებისკენ და რუსეთის იმპერიული მისწრაფებების წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდა. და მან გაგვაფრთხილა: "საქართველო დღეს, უკრაინა ხვალ, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი შეიძლება ჩემი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგეს". ჩვენ ეს სიტყვები ძალიან კარგად გვახსოვს. პროფესორი ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, NATO-ს გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის მიღების, ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დიდი მხარდამჭერი იყო. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს. მისი სიტყვები ისტორიამ დაადასტურა". – თქვა დუდამ.

15 აგვისტოს პოლონეთში, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა. 

აღლუმს წინ უძღოდა პოლონეთის საზღვრებთან, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის აქტიურობა. 

ვაგნერელები ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს წვრთნიდნენ. ისინი აქ მას შემდეგ იმყოფებიან, რაც მოქირავნეების მიერ ივნისში წამოწყებული აჯანყება ვერ შედგა და მათი დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმდა.

კომენტარები