სამხედრო გადატრიალება ნიგერში

აფრიკის კავშირი ნიგერის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს და ECOWAS-ს მხარდაჭერას უცხადებს

African Union 

აფრიკის კავშირმა ნიგერის პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა. აფრიკის კავშირის კომისიის წევრები პრეზიდენტ ბაზუმის პატიმრობის პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სწუხან. 

"მსგავსი მოპყრობა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მიმართ მიუღებელია". - ნათქვამია განცხადებაში. 

აფრიკის კავშირის კომისიის პრეზიდენტმა მუსა ფაკიმ თქვა, რომ ისინი მხარს უჭერენ ECOWAS-ს ნიგერში ხუნტის წინააღმდეგ. 

აფრიკის კავშირის პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას გაზარდონ ძალისხმევა, რათა გადაარჩინონ პრეზიდენტ ბაზუმის სიცოცხლე და მორალური და ფიზიკური მთლიანობა. 

ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოების მიზნებით ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი 26 ივლისის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

კომენტარები