2023 წელს გარდაცვლილები

მომღერალი, ფილმ SEARCHING FOR SUGAR MAN-ის მთავარი გმირი სიქსტო როდრიგესი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მომღერალი და კომპოზიტორი სიქსტო როდრიგესი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

როდრიგესი 1970-იან წლებში დეტროიტული ფოლკ სცენის ამომავალი ვარსკვლავი იყო. მას ბობ დილანს და ქეთ სტივენსს ადარებდნენ, თუმცა ორი ალბომის გამოშვების შემდეგ მისი მუსიკალური კარიერა პრაქტიკულად დასრულდა. მუსიკოსი დეტროიტში, მშენებლობაზე მუშაობდა და იშვიათად ცოცხალ წარმოდგენებს აწყობდა. მსოფლიო დიდება მას წილად 40 წლის შემდეგ ერგო.

1991 წელს სამხრეთ აფრიკაში პირველად გამოიცა სიქსტო როდრიგესის ალბომები. სოციალურ თემებზე დაწერილი სიმღერები აპართეიდის ჰიმნებად იქცა, სამხრეთ აფრიკის ისტორიაში როდრიგესი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი გახდა. მოგვიანებით სამხრეთ აფრიკაში გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ მუსიკოსი გარდაიცვალა. 2011 წელს სამხრეთაფრიკელმა დოკუმენტალისტებმა როდრიგესის მოძებნა გადაწყვიტეს. ხანგრძლივი გამოძიებისა და მოგზაურობის შემდეგ მომღერალი დეტროიტში, ერთ-ერთ მშენებლობაზე იპოვეს. როდრიგესმა არც იცოდა, რომ სადღაც, უცხო ქვეყანაში ის სახალხო გმირი და ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი მუსიკოსი იყო. გადაღებულმა ფილმმა ოსკარი მიიღო. 2012 წელს, კინოგაქირავებაში გამოსვლის შემდეგ როდრიგესი კვლავ პოპულარული გახდა, ხელახლა გამოიცა მისი ძველი ორი ალბომი, მომღერალმა განაახლა საკონცერტო მოღვაწეობა. 

"ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება დეტროიტში გაატარა, არც კი იცოდა, რომ სადღაც, მსოფლიოს სხვა ნაწილში ის ისეთივე პოპულარული იყო, როგორც ელვისი, The Beatles და Rolling Stones". – ამბობს ფილმის რეჟისორი მალიკ ბენჯელოული.

კომენტარები