საპარალემენტო არჩევნები

ანდჟეი დუდას თქმით, პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს ჩატარდება

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს ჩატარდება. 

"მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში! სეიმისა და სენატის არჩევნების შემოთავაზებულ თარიღთან დაკავშირებით ახლახან მიღებული ეროვნული საარჩევნო კომისიის დადებითი პასუხის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ არჩევნები 2023 წლის 15 ოქტომბერს დავნიშნო. პოლონეთის მომავალი თითოეული ჩვენგანის საქმეა! გამოიყენეთ თქვენი უფლებები!". - დაწერა დუდამ სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტის თქმით, ეს არჩევნები განსაზღვრავს ვარშავის ურთიერთობებს ევროკავშირთან იმ დროს, როდესაც ის აღმოსავლეთ საზღვარზე მზარდი დაძაბულობის წინაშე დგას. არჩევნები ასევე გადაწყვეტს, თუ ვინ უხელმძღვანელებს NATO-ს წევრს და მთავარ უკრაინულ მოკავშირეს მის აღმოსავლეთ საზღვარზე არასტაბილურობის მზარდი პერიოდის განმავლობაში. 

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მმართველი ნაციონალისტური პარტია კანონი და სამართლიანობა (PiS), რომელიც 2015 წლიდან ხელისუფლებაშია, უპირატესობას ინარჩუნებს. ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი პარტია ლიბერალური ოპოზიციური სამოქალაქო პლატფორმა (PO) იქნება, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს.

კომენტარები