მაიკ პენსი

მაიკ პენსი ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ გამორიცხავს

მაიკ პენსი
Will Lanzoni/CNN

აშშ-ის ყოფილი რესპუბლიკელი ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, რომელიც ამჟამად რესპუბლიკური პარტიის სახელით პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძვის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ გამორიცხავს.

6 აგვისტოს, CBS-ის გადაცემა Face the Nation-ში დასმულ კითხვაზე, მისცემს თუ არა ის ტრამპის წინააღმდეგ ჩვენებას, პენსმა თქვა, რომ ჩვენების მიცემას "არ აპირებს", თუმცა არ გამორიცხავს. 

"ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ჩვენ დავემორჩილებით კანონს, ჩვენ კანონის მოთხოვნას ვუპასუხებთ. ჩვენ, უბრალოდ, სიმართლეს ვიტყვით". - თქვა მან. 

ტრამპის ადვოკატმა, ჯონ ლაურომ თქვა, რომ პენსის ჩვენებას მიესალმება, თუ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ამას გადაწყვეტს.

"მაიკ პენსი იქნება ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოწმე სასამართლო პროცესზე". - თქვა ლაურომ კვირას ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


4 აგვისტოს, ვაშინგტონში გამართულ სასამართლო მოსმენაზე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უდანაშაულოა

ტრამპს 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნებულ 45-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში, სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა ბრალი 4 მუხლით წარუდგინა, მათ შორის, შეთქმულება ამერიკის შეერთებული შტატების მოტყუებისთვის და შეთქმულება ოფიციალური პროცესის დაბრკოლებისთვის. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ტრამპს ბრალი ასევე ედება 2020 წლის არჩევნების არაღიარების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს მისი მომხრეების კონგრესზე ძალადობრივი თავდასხმის ექსპლუატაციის მცდელობაში.

ვაშინგტონის სასამართლო დარბაზში პროცესი 27 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ყოფილი პრეზიდენტი მინიმალური პირობებით გაათავისუფლეს. სხვა შეზღუდვებთან ერთად ტრამპს საქმის მოწმეებთან კომუნიკაციაც აეკრძალა.

დიდი ალბათობით, საქმის შემდეგი მოსმენა 28 აგვისტოს, რესპუბლიკური საპრეზიდენტო პრაიმერის პირველი დებატებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაინიშნება. საქმეს აშშ-ის საოლქო მოსამართლე ტანია ჩუტკანი განიხილავს.

ტრამპმა სასამართლოში მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე გააკრიტიკა ჩუტკანი და მას სოციალური მედიის პოსტში "უსამართლო" უწოდა.

ჩუტკანი თანამდებობაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ არის დანიშნული. მას დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე აქამდეც უმუშავია. 2021 წელს ჩუტკანის მიერ ტრამპის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებით წარმომადგენელთა პალატის სპეციალურ კომიტეტს, რომელიც 6 იანვრის საქმეს იძიებს, თეთრი სახლის ჩანაწერებზე მიეცა წვდომა. ამ ჩანაწერებში არსებული მტკიცებულებების დიდი ნაწილი ახალ საბრალდებო დასკვნაში კვლავ ფიგურირებს.

კომენტარები