დონალდ ტრამპი

ტრამპს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულისთვის ბრალი წარუდგინეს

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლთან მხარდამჭერებს ესაუბრება
Brendan Smialowski/AFP via Getty Images

ფედერალურმა პროკურორებმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე აშშ-ს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენას მხარი დაუჭირეს

სამშაბათს, 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნებულ 45-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში, სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა ტრამპს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა, მათ შორის, შეთქმულება ამერიკის შეერთებული შტატების მოტყუებისთვის და შეთქმულება ოფიციალური პროცესის დაბრკოლებისთვის. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ტრამპს ბრალი ასევე ედება 2020 წლის არჩევნების არაღიარების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს მისი მომხრეების კონგრესზე ძალადობრივი თავდასხმის ექსპლუატაციის მცდელობაში. 

ჯეკ სმიტის თქმით, 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის მიზანი აშშ-ს მთავრობის ფუნდამენტური ფუნქციისთვის - ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლის და დამოწმების პროცესისთვის ხელის შეშლა იყო.

გარდა ამისა, საბრალდებო დასკვნაში მითითებულია ექვსი პირი, რომელიც მოხსენიებულია 2020 წლის არჩევნების გაუქმებაში ტრამპის თანამზრახველებად. თუმცა, არცერთი მათგანისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების ზუსტი ვინაობა დასკვნაში არ სახელდება, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი ტრამპის იურისტები - რუდი ჯულიანი, ჯონ ისტმანი, კენეტ ჩესბრო და სიდნი პაუელი - იყვნენ. 

გარდა ამისა, მიმდინარეს ტრამპს სისხლის სამართლის ბრალდება სამ სხვადასხვა საქმეში ემუქრება. გასულ თვეში სმიტის გუნდმა მას ბრალი საიდუმლო დოკუმენტების შენახვისა და მათი მოპოვებისთვის მთავრობის მცდელობების ხელის შეშლის გამო წარუდგინა. აღნიშნული ბრალდებები პროკურორებმა გასულ კვირას გააფართოვეს. მარტში კი მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ტრამპს ბრალი წარუდგინა საქმიანი ჩანაწერების გაყალბებაში, რომელიც პორნოვარსკვლავთან სავარაუდო რომანის გამო ფულის მალულ გადახდასთანაა კავშირში. 

ამასთან, ჯორჯიას ფულტონის ოლქის პროკურორი ასევე იძიებს ტრამპის ქმედებებს, რომელიც ამავე შტატში, რომელიც ბაიდენმა მოიგო, 2020 წლის არჩევნების გაუქმებისკენ იყო მიმართული. სავარაუდოდ, ის ბრალდებებს ამ თვეში გამოაცხადებს.

ტრამპი ხუთშაბათს, 3 აგვისტოს ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უნდა გამოცხადდეს. 

კომენტარები